top of page
Projector_logo.png

დიდი სიყვარულით ბავშვების, ცხოვრების და საქართველოს მიმართ

სკოლა პროექტორი

  • Facebook

თავი I. ზოგადი დებულებები და მიზნები

 

მუხლი 1. შიდასასკოლო დებულების რეგულირების სფერო

1. წინამდებარე დებულება აყალიბებს შპს „საგანმანათლებლო ცენტრი სკოლა პროექტორის“ მიზნებსა და ამოცანებს და არეგულირებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვის ორგანოებს, მართვის პრინციპებს, ასევე სკოლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. წინამდებარე დებულებით განასაზღვრული სამუშაო აღწერილობები არის ზოგადი და შესაძლებელია დაზუსტდეს შრომითი ხელშეკრულებით.

 

მუხლი 2. სკოლის სტატუსი

1. შპს „საგანმანათლებლო ცენტრი სკოლა პროექტორი“ (შემდგომ - სკოლა) არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ უნდა მიენიჭოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და უზრუნველყოს მოსწავლეებისათვის ზოგადი განათლების მიღება დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად, ქართულ და არაქართულენოვან (რუსულ) სექტორებზე.

2. სკოლის იურიდიული მისამართია: ქ.რუსთავი, ჟ.შარტავას გამზ.№19.

3. სკოლის ფაქტობრივი მისამართია: ქ.თბილისი, საირმის ქ.№39.

4. სკოლაში სწავლების ენა ქართულ სექტორზე არის ქართული, არაქართულენოვან (რუსულ) სექტორზე - რუსული ენა.

5. სკოლას აქვს ბეჭედი, სატიტულო ფურცელი, საბანკო ანგარიში და კერძო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

 

მუხლი 3. სკოლის უფლებამოსილება

1. სკოლა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით (ზგემი), „ზოგადი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონებით, სკოლის შინაგანაწესით, განათლების სისტემაში მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით.

2. სკოლა შეიძლება სასამართლოში გამოვიდეს მხარედ (მოპასუხედ ან მოსარჩელედ), მესამე პირებთან დადოს გარიგებები და შეთანხმებები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

3. სკოლა დამოუკიდებელია თავისი სტრუქტურის ფორმირებაში.

4. სკოლა მონაწილეობს ქვეყნის საზოგადოებრივ-ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ ცხოვრებაში.

 

მუხლი 4. სკოლის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

1. სკოლის მიზნებია:

1.1. აღზარდოს თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.

1.2. ჩაუნერგოს სიყვარული, კეთილგანწყობა გარშემომყოფთა მიმართ და სურვილი, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომელშიც უპირატესობა უნდა მიენიჭოს მთავარ ღირებულებებს: კანონმორჩილებას, ტოლერანტობას, პატრიოტიზმსა და პასუხისმგებლობას.

1.3. მისცეს   მოსწავლეებს   საფუძვლიანი   ცოდნა,   განუვითაროს   დამოუკიდებელი   მუშაობის,

ორგანიზებულობის, საკუთარი ძალების რწმენისა და თანამედროვე სამყაროში ინტეგრაციისათვის საჭირო უნარები, ჩამოუყალიბოს კრიტიკულად, დამოუკიდებლად, ლოგიკურად აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, სწორი არჩევანის გაკეთების უნარ-ჩვევები.

2. სკოლის ამოცანებია:

2.1. სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების შესრულება;

2.2. მოსწავლეთა მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისება;

2.3. ხელსაყრელი გარემოს შექმნა მოსწავლეთა თვითრეალიზაციისა და თვითგამორკვევისთვის;

2.4. მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, ეროვნული ღირებულებების მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბება.

3. საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

3.1. სკოლა ახორციელებს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით საგანმანათლებლო პროგრამებს.

3.2. შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმას, სასწავლო რეჟიმს და საგაკვეთილო ცხრილს;

3.3. ირჩევს სწავლისა და მოსწავლის აღზრდის საშუალებებს, მეთოდებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს, აგრეთვე სასწავლო თვალსაჩინოებებს, მოსწავლეთა შეფასების სისტემას.

3.4. ახორციელებს დამატებით საგანმანათლებლო პროგრამებსა და დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას.

 

მუხლი 5. სკოლის გრძელვადიანი პრიორიტეტებია:

1. სწავლა-სწავლების მეთოდური სიახლეების დანერგვა და განვითარება.

2. მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამების შექმნა.

3. მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის/დახელოვნებისათვის ზრუნვა.

4. უახლესი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება.

5. სამოქალაქო და პატრიოტული ცნობიერების, კანონიერების, კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

6. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის ზრუნვა.

7. უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

 

მუხლი 6. სასწავლო პროცესი

1. სკოლა სასწავლო პროცესს განახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სწავლების სამივე საფეხურზე - დაწყებითი, საბაზო და საშუალო.

2. სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს და სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრავს სასწავლო რეჟიმსა და საათობრივ ბადეს.

3. მოსწავლეთა შეფასება და კრიტერიუმები, მათი კლასიდან კლასში გადაყვანა, დატოვება და გარიცხვა განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის საფუძველზე.

4. სასწავლო - აღმზრდელობითი პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით თითოეულ კლასს ეყოლება კლასის ტუტორი.

 

მუხლი 7. სასწავლო პროცესის მონაწილენი

1. სასწავლო პროცესის მონაწილენი არიან მოსწაველეები, მათი მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები), მასწავლებლები, სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და სხვა დამხმარე პერსონალი.

2. სკოლის ყველა თანამშრომელთან ურთიერთობა რეგულირდება შრომითი ხელშეკრულებით.

3. მოსწავლეთა მშობლებთან (კანონიერ წარმომადგენლებთან) ურთიერთობა რეგულირდება ხელშეკრულებით.

4. დებულებითა და შინაგანაწესით არ შეიძლება შეიზღუდოს სასწავლო სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა უფლებები, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობითა და შრომის კოდექსით.

5. სკოლის მოსწავლეები ვალდებულნი არიან შეასრულონ სასკოლო დებულების და შინაგანაწესის მოთხოვნები.

6. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვისას სკოლა ვალდებულია მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) გააცნოს სასკოლო სასწავლო გეგმა და სკოლის შინაგანაწესი.

7. მშობლებს (კანონიერ წარმომადგენელებს) უფლება აქვთ დაიცვან მოსწავლის უფლებები და ინტერესები.

8. მოსწავლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი) წერილობითი განცხადებით მიმართავს სკოლის დირექტორს, რომელიც ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები და კანონით დადგენილ ვადაში გასცეს წერილობითი პასუხი.

 

თავი II. სკოლის მართვა, ორგანიზაცია და სტრუქტურა

მუხლი 8. სკოლის მართვა და სტრუქტურა

1. სკოლის ყველა დასაქმებულის, მათ შორის დირექციის, ადმინისტრაციის წევრების და ა.შ უფლება-მოვალეობანი, სამუშაოზე მიღება და გათავისუფლება, ფუნქციური დატვირთვა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, შინაგანაწესით, ამ დებულებითა და მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.

2. სკოლის სტრუქტურა მოიცავს პარტნიორთა კრებას, დირექციას, ადმინისტრაციას, ტუტორებს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს და დამხმარე პერსონალს.

3. პარტნიორთა კრება წარმოადგენს საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს, რომლის ფუნქციები განსაზღვრულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საგანმანათლებლო ცენტრი სკოლა პროექტორის“ წესდებით.

4. გადაწყვეტილებას სკოლის სტრუქტურული ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს დირექტორი. სკოლის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებითა და შპს „საგანმანათლებლო ცენტრი სკოლა პროექტორის“ დირექტორის მიერ დამტკიცებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებით.

 

თავი III. სკოლის დირექცია

მუხლი 9. სკოლის დირექტორი:

1. ახორციელებს სკოლის მართვას;

2. ამტკიცებს პედაგოგიურ საბჭოზე წარდგენილ და განხილულ სკოლის განვითარების ერთწლიან და გრძელვადიან (ექვსწლიან) სტრატეგიულ გეგმებს;

3. ამტკიცებს პედაგოგიურ საბჭოზე წარდგენილ და განხილულ სკოლის შინაგანაწესს;

4. ამტკიცებს სასკოლო დებულებას;

5. ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას, კათედრის დებულებას და სხვა შიდა დოკუმენტაციას;

6. იწვევს სხდომებს, თათბირებს, იძლევა მითითებებს, გამოსცემს ბრძანებებს, რომლის შესრულებაც სავალდებულოა;

7. ამტკიცებს კლასის ტუტორთა კანდიდატურებს;

8. ახორციელებს სკოლის ფინანსურ მართვას, უზრუნველყოფს სკოლის მატერიალური ფასეულობების დაცვას, მოვლას, შენახვას, აღრიცხვას, მოძიებას შესაბამისი კადრების მეშვეობით;

9. წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობაში, დებს გარიგებებს, ხელშეკრულებებს კანონმდებლობის დაცვით;

10. ახორციელებს კადრების შერჩევასა და დებს შრომით ხელშეკრულებებს, განსაზღვრავს მათ შრომით ანაზღაურებას;

11. შინაგანაწესის დარღვევის, ასევე „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და განათლების სისტემაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არაკვალიფიციურობის დამტკიცების შემთხვევაში, წყვეტს შრომით ურთიერთობებს დასაქმებულთან, „საქართველოს შრომის კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად;

12. დირექციასთან ერთად და მათი მხარდაჭერით ახორციელებს საგანმანათლებლო ბაზრის კვლევას და შეისწავლის სოციუმის მოთხოვნებს;

13. ოპერატიულ ხელმძღვანელობას უწევს იმ გადაუდებელი სამეურნეო სამუშაოების შესრულებას, რომელიც საჭიროა სკოლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის;

14. პასუხისმგებელია განათლების რეფორმის, სახელმწიფო პროგრამის განხორციელების, ეროვნული სასწავლო გეგმის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნორმატიული აქტების, განკარგულებების, ბრძანებების შესრულებაზე;

15.ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე და ხელს უწყობს სკოლაში ინოვაციების დანერგვას;

16. ხელმძღვანელობს ფსიქოლოგის მუშაობას;

17. ხელს უწყობს პარტნიორული ურთიერთობების (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მეზობელ სკოლებთან, კერძო პირებთან, კომერციულ ორგანიზაციებთან, თემთან და სხვ) დამყარებას ერთობლივი საქმიანობების დაგეგმვა/განხორციელებისთვის.

 

მუხლი 10. აკადემიური დირექტორი

1. სკოლას ჰყავს აკადემიური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.

2. აკადემიური დირექტორი ასრულებს სკოლის დირექტორის მიერ მინიჭებულ შემდეგ უფლებამოსილებებს:

2.1. კოორდინირებას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად იმ სასწავლო პროგრამებს, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია ყოველ სასწავლო წელს;

2.2. ადგენს სკოლის მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის პროექტს და წარუდგენს დირექტორს;

2.3. უზრუნველყოფს კათედრების ეფექტურ მუშაობას და მონიტორინგს უწევს კათედრების სამუშაო გეგმის განხორციელებას;

2.4. უზრუნველყოფს სწავლა-სწავლების ხელშემწყობი მექანიზმების სრულყოფას;

2.5. ხელს უწყობს პედაგოგთა პროფესიულ ზრდას - შეფასება, გაკვეთილებზე დასწრება, კათედრის მუშაობაში დახმარება;

2.6. ადგენს გაკვეთილების ცხრილს და პასუხისმგებელია მის მეთოდურად გამართულ მუშაობაზე;

2.7. კოორდინირებას უწევს სწავლაში სირთულეების მქონე მოსწავლეების დახმარებას (მათთვის ინდივიდუალური პროგრამების შედგენა, დამატებითი მეცადინეობების ჩატარება);

2.8. ორგანიზებას უწევს საგნობრივ ოლიმპიადებსა და სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში და მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, როგორც სკოლის შიგნით, ასევე სკოლის გარეთ;

2.9.   სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის ხელმძღვანელობს სსსმ მოსწავლეთა ისგ ჯგუფს, უზრუნველყოფს ჯგუფის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმების განხორციელებასა და მონიტორინგს;

2.10. ახორციელებს სასწავლო პროცესის მონიტორინგს, ანალიზის საფუძველზე გეგმავს გასაუმჯობესებელ მექანიზმებს;

2.11. ყოველი სემესტრის ბოლოს წერს ანგარიშს შესრულებული სამუშაოების შესახებ და წარუდგენს დირექტორს.

2.12. პერიოდულად ესწრება და, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს, პედაგოგიური საბჭოს სხდომებსა და საგნობრივი კათედრების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში.

2.13. განიხილავს ჩატარებულ სასკოლო ღონისძიებასთან დაკავშირებით სასკოლო ღონისძიებების მენეჯერის მიერ მისთვის წარდგენილ უკუკავშირს და, კომპეტენციის ფარგლებში, გასცემს შესაბამის წინადადებებს/რეკომენდაციებს;

2.14. ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

 

მუხლი 11. დირექტორის მოადგილე

1.ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე და კოორდინირებას უწევს მასწავლებელთა პროფესიული საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულობას;

2. კოორდინაციას უწევს ტუტორების მიერ სამუშაო პროგრამების შემუშავების პროცესს;

3. ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სააღმზრდელო პროგრამის განხორციელებას და მიზანმიმართულ მუშაობას;

4. ახორციელებს ელექტრონული ჟურნალის მონიტორინგს;

5. სისტემტურად ახორციელებს მონიტორინგს მოსწავლეთა გაცდენებსა და დაგვიანებებზე;

6. იღებს სათანადო ზომებს სკოლაში საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცების მიზნით. ის არის პასუხისმგებელი სკოლაში არსებულ წესრიგსა და დისციპლინაზე;

7. ახორციელებს კლასის ტუტორთა საქმიანობის მონიტორინგს და შედეგებს წარუდგენს სკოლის დირექტორს სათანადო რეაგირებისთვის;

8. ხელს უწყობს სხვადასხვა (სკოლის გარეთ) საგანმანათლებლო პროგრამაში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩაბმას;

9. მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩართულია სასკოლო - საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობაში;

10. შეიმუშავებს ჩატარებულ სასკოლო ღონისძიებასთან დაკავშირებით სასკოლო ღონისძიებების მენეჯერის მიერ წარსადგენი უკუკავშირის ფორმას;

11. განიხილავს ჩატარებულ სასკოლო ღონისძიებასთან დაკავშირებით სასკოლო ღონისძიებების მენეჯერის მიერ მისთვის წარდგენილ წერილობით უკუკავშირს და, კომპეტენციის ფარგლებში, გასცემს შესაბამის წინადადებებს/რეკომენდაციებს;

12. ხელს უწყობს მშობლების აქტიურ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში;

13. კოორდინირებას უწევს მშობლებთან ურთიერთობას, აკონტროლებს კლასის ტუტორის მიერ სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფებში ინფორმაციის გავრცელებას და ა.შ.

14.ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

თავი IV. სკოლის ადმინისტრაციული პერსონალი

მუხლი 12. ბუღალტერი

1. ახორციელებს საბუღალტრო ოპერაციებს;

2. ახორციელებს ფულადი სახსრების სწორად და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას, სკოლის თანამშრომელთა ხელფასების დროულ ანგარიშსწორებას;

3. აწარმოებს ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან წარმოშობილ დროულ ანგარიშსწორებას;

4. ახორციელებს ბუღალტრული დოკუმენტაციის აღრიცხვა-რეგისტრაციას, ბუღალტრული საბუთების შენახვასა და დაარქივებს;

5. დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში მონაწილეობას იღებს ინვენტარიზაციაში, გამოავლენს და აღრიცხავს შედეგებს, რომელსაც ასახავს შედარების უწყისში;

6. უზრუნველყოფს ყოველი კალენდარული თვის ბოლოს სკოლის დირექტორისთვის, იმ მოსწავლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომელთაც აქვთ ფინანსური დავალიანება;

7. ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს;

8. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 13. ლოჯისტიკის მენეჯერი

1. ხელმძღვანელობს სკოლის სამეურნეო საქმიანობას, პასუხისმგებელია სკოლის ქონებაზე.

2. იბარებს სკოლის ქონებას, ავეჯს, ინვენტარს, მატერიალურ აქტივებს;

3. სკოლის თანამშრომლებს უზრუნველყოფს საკანცელარიო და სასწავლო პროცესისთვის საჭირო ნივთებით;

4. უზრუნველყოფს სკოლის დროულ მომზადებას სასწავლო პროცესის, სხვადასხვა სასკოლო აქტივობის დასაწყებად;

5. ახორციელებს სკოლის შენობის, სასწავლო კაბინეტების/ლაბორატორიების, სპორტული დარბაზ(ებ)ის და სხვა ქონების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს;

6. ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ტექნიკური პერსონალის სამუშაოებს;

7. თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს სკოლის სამეურნეო ხასიათის ხელშეკრულებების დროულად და ხარისხიანად შესრულებასთან დაკავშირებით;

8. კონტროლს უწევს სკოლის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვას, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებათა გამართულ მდგომარეობაში ყოფნას;

9. შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით.

 

მუხლი 14. ადმინისტრაციული მენეჯერი

1. ახორციელებს შემოსული და გასული კორესპოდენციის წარმოებასა და აღრიცხვას;

2. ახორციელებს განცხადებებისა და წერილების დანიშნულებისამებრ განაწილებას და დადგენილ ვადაში პასუხის მომზადების უზრუნველყოფას;

3. ახორციელებს სკოლის შიდა სამართლებრივი აქტების (ბრძანებები) რეგისტრაციასა და შენახვას;

4. ინახავს და აარქივებს სკოლის დოკუმენტაციას;

5. ახორციელებს სკოლაში დაცული დოკუმენტების მოთხოვნის შესაბამისად მოძიებას და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასლების გაცემას;

6. ახორციელებს დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკურ უზრუნველყოფას - დაბეჭდვას, ასლის გადაღებასა და  გამრავლებას;

7. მუშაობს მონაცემთა ბაზაში eschool.emis.ge;

8. აწარმოებს, აწესრიგებს და ინახავს პერსონალის პირად საქმეებს;

9. აცნობს სკოლის დირექტორის ბრძანებებს დაინტერესებულ პირებს;

10. აკონტროლებს მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოებას;

11. პასუხისმგებელია პირველკლასელთა რეგისტრაციაზე;

12. ვალდებულია ზუსტად აღრიცხოს მოსწავლეთა მოძრაობა და დროულად მიაწოდოს მონაცემები კლასის ხელმძღვანელებს;

13. მართავს და ადმინისტრირებას უწევს სკოლის ვებგვერდსა და სოციალური მედიის გვერდ(ებ)ს;

14. ხელს უწყობს მშობლების აქტიურ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში;

15. უზრუნველყოფს მშობელთა ინფორმირებას სკოლის მიერ განხორციელებული, მიმდინარე თუ დაგეგმილი სიახლეების, პროექტებისა და პროგრამების შესახებ;

16. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 15. ფსიქოლოგი

ფსიქოლოგი ვალდებულია:

1. დააკვირდეს მოსწავლეთა განვითარების პროცესს თითოეულ ასაკობრივ საფეხურზე, რისთვისაც უნდა განახორციელოს შესაბამისი სამუშაოები მოსწავლეებთან, მასწავლებლებსა თუ სკოლის ადმინისტრაციასთან;

2. მონიტორინგი გაუწიოს მოსწავლეთა ქცევის დინამიკას;

3. გამოიკვლიოს მოსწავლის სოციალური ქცევის ფსიქოლოგიური მიზეზები და გაუწიოს შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარება კომპეტენციის ფარგლებში;

4. საჭიროების შემთხვევაში, გამოიკვლიოს მოსწავლეების ინდივიდუალური თავისებურებები;

5. სსსმ მოსწავლის ყოლის შემთხვევაში, დაეხმაროს ისგ ჯგუფის წევრებს ინკლუზიური სწავლების წარმატებით განხოციელებაში, მისცეს მასწავლებლებს მეთოდური მითითებები და განახორციელოს შესაბამისი მიმართულებით მუშაობა;

6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები;

7. შეასრულოს სკოლის დირექტორის ცალკეული დავალებები.

 

მუხლი 16. სკოლის ექიმი:

1. სკოლის ექიმი იბარებს და ხელმძღვანელობს სამედიცინო კაბინეტს.

2. ექიმი პასუხისმგებელია თითოეული სამედიცინო მედიკამენტის ხარისხსა და შენახვაზე;

3. სამედიცინო პერსონალის კომპეტენციაა:

ა) მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება მოსწავლის ან სკოლის პერსონალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ მდგომარეობაზე (ტრავმა, დაზიანება, დამწვრობა, მწვავე ტკივილი, მოწამვლა, ასფიქსია, კრუნჩხვა, შოკი, ცნობიერების მოშლა, ცხელება და სხვა მსგავსი მდგომარეობა); ბ) შეაფასოს მდგომარეობის სიმძიმე და მიიღოს გადაწყვეტილება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შესახებ;

გ) პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულების მართვის ელექტრონულ სისტემაში წვდომის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიძიოს არსებული ინფორმაცია მოსწავლის/პერსონალის ჯანმრთელობის შესახებ და გაითვალისწინოს მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს;

დ) მოსწავლის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიმართოს დირექციას (სკოლის ხელმძღვანელობის მიერ შეთანხმებული ფორმით) მათი საგაკვეთილო პროცესიდან გათავისუფლების შესახებ, მიმართოს მოსწავლის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენელს და მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებული მიმართვები აღრიცხოს სამედიცინო შემთხვევების

აღრიცხვის ჟურნალში და გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაცია შეიტანოს სკოლაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმაში;

ვ) მოახდინოს სკოლაში იმ გარემო ფაქტორების შეფასება, რომლებიც შეიცავს ფიზიკური დაზიანების რისკებს (სიმაღლიდან ვარდნა, დაცემა, ჭრილობის მიყენება, დამწვრობა და ა.შ); მიიღოს პრევენციული ზომები; შეატყობინოს სკოლის შესაბამის პასუხისმგებელ პირს საფრთხის არსებობის შესახებ და გაუწიოს ზედამხედველობა საფრთხის სრულად აღმოფხვრის პროცესს;

ზ) საჭირო პერიოდულობით განახორციელოს სამედიცინო შემოწმების ღონისძიებები:

ზ.ა) ბავშვთა ასაკში გავრცელებული იმ დაავადებების დროული აღმოჩენისა და გართულების პრევენციისათვის, როგორიცაა: სქოლიოზი, ბრტყელი ან/და ვალგუსური ტერფი, ტანადობასთან დაკავშირებული სხვა დარღვევები, მხედველობისა და მეტყველების დარღვევები, პირის ღრუს დაავადებები;

ზ.ბ) მოსწავლის ანთროპომეტრული მონაცემების შეფასება ასაკობრივ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ზ.გ) პედიკულოზის პრევენციის მიზნით;

თ) მშობლებისგან/კანონიერი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სამედიცინო მეთვალყურეობა გაუწიოს ქრონიკული დაავადების მქონე და ხშირად მოავადე მოსწავლეებს;

ი) ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან იქონიოს კომუნიკაცია და გასცეს საჭირო რეკომენდაციები;

კ) გაატაროს საჭირო ღონისძიებები სკოლაში ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის. საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის უწყებებს;

ლ) გაუწიოს ზედამხედველობა მოსწავლეთა იმუნიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს (ჩატარებული გეგმური და არაგეგმური აცრების ისტორიის ამსახველი დოკუმენტების მოთხოვნა მოსწავლის მშობლისგან/კანონიერი წარმომადგენლისგან და მათი შესწავლა. გამოტოვებული ან/და უახლოეს პერიოდში აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციის ჩატარების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისთვის);

მ) განახორციელოს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საქმიანობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ცხოვრების ჯანსაღი წესი, მავნე ჩვევების დაძლევა, პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული საკითხები, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, მათ შორის მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნაადრევი ქორწინების რისკები და სხვა;

ნ) განახორციელოს სკოლის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა. სკოლის დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია დალაგების წესის, გამოსაყენებელი ხსნარების, დასუფთავების რეჟიმის, ნარჩენების მართვისა და სხვა დაკავშირებული დეტალების შესახებ;

ო) გაუწიოს ზედამხედველობა სკოლაში სასმელი წყლისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას;

პ) მიიღოს მონაწილეობა მოსწავლის დღის რეჟიმის, საგაკვეთილო და დასვენების რეჟიმის შემუშავებაში;

ჟ) განახორციელოს მოსწავლეზე ძალადობის, არასათანადო მოპყრობის ან სხვა მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, სკოლის დირექციის, სოციალური სამსახურის და სხვა შესაბამისი უწყებების ინფორმირება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

რ) ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ამოცნობის/შეფასების, რეფერირებისა და შესაბამისი დოკუმენტირების უზრუნველყოფის მიზნით, მოზარდის მიმართ განხორციელებული ძალადობის

ეჭვის, საფუძვლიანი ეჭვისა და დადასტურებულ შემთხვევაში, სკოლაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმასთან ერთად შეავსოს ბავშვის მიმართ ძალადობის/სექსუალური ძალადობის დოკუმენტაცია „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ შესაბამისად;

ს) განახორციელოს წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციის ანალიზი (სამედიცინო შემთხვევების რაოდენობა და ტიპები, პერიოდული სამედიცინო შემოწმებით გამოვლენილი განვითარების დარღვევები, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.) და მოამზადოს საჭირო წინადადებები და რეკომენდაციები სკოლის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;

ტ) დაიცვას პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. დაუშვებელია მოსწავლის ჯანმრთელობის პრობლემით მიმართვისას, სკოლის ექიმი შემოიფარგლოს მხოლოდ მის მიერ ჩატარებული სამედიცინო ჩარევით, როცა სახეზეა მოსწავლის სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვის აუცილებლობა.

5. დაუშვებელია სკოლის ექიმი სასწავლო დაწესებულებაში განსაზღვრული სამუშაო საათების დროს დაკავდეს პარალელური პროფესიული საქმიანობით (სკოლის ექიმს არ ეკრძალება პარალელური ინდივიდუალური საექიმო საქმიანობა ან სამედიცინო დაწესებულებაში საქმიანობა, თუმცა, აღნიშნული საქმიანობა უნდა განახორციელოს მხოლოდ სკოლის ექიმისთვის განსაზღვრული სამუშაო საათების მიღმა).

6. დაუშვებელია სკოლის ექიმის მხრიდან ნებისმიერი სახის გულგრილობა დაკისრებული მოვალეობების მიმართ.

7. სკოლის სამედიცინო პერსონალი ვალდებულია მის მიერ წარმოებული სამედიცინო შემთხვევები აღრიცხოს სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა მოიცავდეს ისეთ ზოგად ინფორმაციას, როგორიცაა: პაციენტის სახელი, გვარი, კლასი (ასაკი), მიმართვის თარიღი და მიზეზი;

8. სკოლის ექიმის მიერ წარმოებული სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი და სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმა წარმოადგენს სკოლის სამედიცინო დოკუმენტაციას, რომელიც შესაძლებელია წარმოებულ იქნეს როგორც ელექტრონულად, ისე ქაღალდის მატარებელზე და მასზე წვდომა ექნება სკოლის ექიმს. სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი ინახება დახურვიდან 5 წლის ვადით, ხოლო სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმა მოსწავლის მიერ სკოლის დამთავრებამდე/სხვა სკოლაში გადასვლამდე, რის შემდეგაც გადაეცემა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს/სრულწლოვან კურსდამთავრებულს სხვა დოკუმენტებთან ერთად. სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი 5 წლის ვადის გასვლის შემდეგ განადგურდება წაშლის/მატერიალურად განადგურების გზით.

 

მუხლი 17. ბიბლიოთეკარი

1. სკოლის ბიბლიოთეკარი ვალდებულია:

1.1. კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს სკოლის ბიბლიოთეკის მართვა;

1.2. პასუხისმგებელია ბიბლიოთეკის გამართულ მუშაობაზე როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი კუთხით;

1.3. დირექციის წინაშე წამოაყენოს საკითხი ბიბლიოთეკისათვის საჭირო წიგნებისა და მისი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი ყველა სხვა ინვენტარით უზრუნველყოფის მიზნით;

1.4. წამოაყენოს წინადადებები საბიბლიოთეკო ცხოვრების განვითარებასთან დაკავშირებით;

1.5. დადგენილი წესის შესაბამისად აღრიცხოს და მოაწესრიგოს საბიბლიოთეკო ფონდი;

1.6. აღრიცხოს მოსწავლეთა მიერ წიგნების გატანა და დაბრუნება;

1.7. წიგნების დაგვიანებით დაბრუნების ან დაკარგვის შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია სკოლის დირექტორს ქმედითი ღონისძიებების გატარების მიზნით;

1.8.უზრუნველყოს ბიბლიოთეკაში არსებული სიახლეების შესახებ პერიოდული პრეზენტაციების გამართვა მოსწავლეებისა და სკოლაში დასაქმებული პირებისათვის;

1.9.გასცეს რეკომენდაციები მოსწავლეებისათვის, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით,შესაბამისი მხატვრული ლიტერატურის შერჩევის მიზნით.

1.10. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

 

მუხლი 18. სასკოლო ღონისძიებების ორგანიზების მენეჯერი

1. უზრუნველყოფს სასკოლო ღონისძიებების ორგანიზებას, განხორციელებას და ამ მიზნით თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, დაწესებულებასთან (მაგ. თეატრები, მუზეუმები და ა.შ.);

2. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველყოფს შესაბამისი აქტივობის განხორციელებისათვის საჭირო ნებართვის მოპოვებას;

3. ადგენს სასწავლო წლის მანძილზე სამუშაო გეგმას;

4. ადგენს სასწავლო წლის მანძილზე სასკოლო ღონიძიებების კალენდარს. თითოეული აქტივობის განხორციელების მიზნით, განსაზღვრავს მონაწილე პირთა წრეს და უზრუნველყოფს დამსწრეთა ინფორმირებას;

5. ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების ჩართულობას სასკოლო ღონისძიებებში;

6. სასკოლო ღონისძიებებს გეგმავს ისე, რომ ყველა საფეხურის მოსწავლეთა ინტერესები იყოს გათვალისწინებული და მათი ჩართულობა უზრუნველყოფილი;

7. ყოველი სასკოლო ღონისძიების ჩატარების შემდეგ, სკოლის აკადემიურ დირექტორსა და ხარისხის მართვის მენეჯერს წარუდგენს წერილობით უკუკავშირს;

8. სკოლის დირექტორს წარუდგენს ანგარიშს შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველი სემესტრის ბოლოს.

 

მუხლი 19. დამატებითი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო მომსახურებების კოორდინატორი

1. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით, ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე შეიმუშავებს განსახორციელებელი დამატებითი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო მომსახურებების ჩამონათვალს, რომელსაც მიმდინარე სასწავლო წელს სკოლა სთავაზობს საკუთარ მოსწავლეებს, როგორც უფასო, ასევე ფასიანი წრეების სახით;

2. აორგანიზებს შერჩეული მომსახურებების გაწევის პროცესს. ამ მიზნით, მოიძიებს შესაბამისი პროფილის სპეციალისტებს და მათთან ერთად შეიმუშავებს გასაწევი მომსახურების გეგმებს;

3. კონტროლს უწევს დამატებითი მომსახურებების მაღალ დონეზე მიწოდებას;

4. უზრუნველყოფს მოსწავლეთა მშობლებთან კომუნიკაციას აღნიშნულ მომსახურებებთან დაკავშირებით;

5. ყოველი სემესტრის ბოლოს წარუდგენს დირექტორს ანგარიშს დამატებითი მომსახურებების შესახებ.

 

მუხლი 20. კლასის ტუტორი

1. ყველა კლასს ჰყავს ტუტორი.

2. ტუტორი შეიმუშავებს სამუშაო პროგრამას და სასაუბრო თემებს „კლასის საათისთვის“, რომლის საფუძველზე ტუტორი, კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე გეგმავს აქტივობებს (აქტივობები შედგება როგორც კლასში/სკოლაში, ისე სკოლის გარეთაც, მაგ. ექსკურსიაზე, ლაშქრობაზე, და სხვა).

3. მოსწავლეები ტუტორთან ერთად განიხილავენ და იმსჯელებენ კვირის განმავლობაში კლასის წარმატებებზე, ხარვეზებსა და წამოჭრილ პრობლემებზე, ადგენენ სამომავლო გეგმებს.

5. ტუტორის მუშაობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.

 

თავი V. სკოლის ტექნიკური პერსონალი

მუხლი 21. დაცვის თანამშრომელი

დაცვის თანამშრომელი ვალდებულია:

1. გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას და დაიცვას უსაფრთხოების წესები;

2. აკონტროლოს სკოლის შენობაში შემოსულ უცხო პირთა შესვლა, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი დაუყონებლივ აცნობოს სკოლის დირექციას;

3. უზრუნველყოს სკოლის შენობისა და ქონების დაცვა, საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდეს საგანგებო სიტუაციების სამსახურს;

4. უზრუნველყოს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის მონიტორინგი;

5. უზრუნველყოს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;

6. უზრუნველყოს სკოლის ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი სამართალდარღვევების, კომპეტენციის ფარგლებში, აღკვეთა და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება;

7. უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვა და ხელი შეუწყოს მათ ევაკუაციას.

8. აანაზღაუროს მის მიერ სკოლისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი;

9.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები.

 

მუხლი 22. უსაფრთხოების მენეჯერი

1. უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მონიტორინგს;

2. პასუხისმგებელია საგაკვეთილო დროს საზოგადოებრივი წესრიგისა და დისციპლინის დაცვაზე;

3. უზრუნველყოფს გამოვლენილი დარღვევის შესახებ სკოლის დირექციის ინფორმირებას, საჭიროების შემთხვევაში, მომხდარი ფაქტის შესახებ ატყობინებს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს;

4. უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს სსიპ - 112-თან დაკავშირებას, სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენისას შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისათვის შეტყობინებას;

5. ასრულებს სკოლის „უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობებით“ დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს და სკოლის დირექციის კანონშესაბამის მითითებებს.

 

მუხლი 23. სკოლის დამლაგებელი დამლაგებელი ვალდებულია:

1. გამოცხადდეს სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყებამდე 30-წუთით ადრე;

2. გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას და დაიცვას უსაფრთხოების წესები;

3. აანაზღაუროს მის მიერ სკოლისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი;

4. იზრუნოს სკოლის ტერიტორიის დასუფთავებაზე;

5. მუდმივად მოაწესრიგოს სკოლის ტერიტორიაზე არსებული სველი წერტილები;

6. უზრუნველყოს სართულების მიხედვით სკოლის შიდა ფართის (იატაკი), ასევე, კარების, ფანჯრების და სასკოლო ინვენტარის (მერხები, მაგიდები, თაროები, კომპიუტერები და სხვა.)

გაწმენდა საწმენდი საშუალებებით. კარადების, სათავსოების, მოწესრიგება, ყოველდღიურად სველი წესით დამუშავება;

7. კვირაში ერთხელ, სკოლის ექიმის ზედამხედველობით სკოლაში ჩაატაროს სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოები;

8. უზრუნველყოს სამზარეულოსა და სასადილო სივრცის დალაგება, ჭურჭლისა და სამზარეულოს ინვენტარის დასუფთავება;

9. შეასრულოს სკოლის დირექტორის ცალკეული დავალებები.

 

მუხლი 24. დიასახლისი

1. ორგანიზებას უწევს მოსწავლეთა კვების პროცესს;

2. კონტროლს უწევს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას სამზარეულოსა და სასადილო სივრცეში;

3. აკონტროლებს კვების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას;

4. ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეული დავალებებს.

 

მუხლი 25. ტექნიკური მუშაკი ტექნიკური მუშაკი ვალდებულია:

1. სკოლის ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი შეკეთება, საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს დაზიანებული ნაწილები;

2. შეამოწმოს ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გაყვანილობის გამართული მუშაობა, საკანალიზაციო ქსელის სისტემა, ხოლო ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს ლოჯისტიკის მენეჯერს და აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი შეკეთება;

3. უზრუნველყოს სკოლის ინვენტარის გადაადგილება. ლოჯისტიკის მენეჯერის მითითებით დალაგება;

4. უზრუნველყოს გათბობის სისტემის გამართული მუშაობა;

5. აწარმოოს ელექტრო მოწყობილობების/დანადგარების და მათი კვანძების მონიტორინგი;

6. განახორციელოს სპორტულ და სააქტო დარბაზებში არსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობა;

7. შეასრულოს სკოლის დირექტორისა და ლოჯისტიკის მენეჯერის ცალკეული დავალებები.

 

თავი VI. სკოლის სტრუქტურული ერთეულები

 

მუხლი 26. პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის სკოლის ყველა მასწავლებელი. საბჭო ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო ან დამატებითი სავალდებულო საათობრივი დატვირთვის ფარგლებში.

2. პედაგოგიური საბჭო სასწავლო წლის დასაწყისში ხმების უმრავლესობით ირჩევს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარესა და მდივანს 3 (სამი) წლის ვადით;

3. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით;

4. პედაგოგიური საბჭოს უფლებამოსილებები და მისი ფუნქციონირების წესი განისაზღვრება პედაგოგიური საბჭოს დებულებით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

მუხლი 27. საგნობრივი კათედრები

1. სკოლაში საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნილია კათედრები, რომლებშიც გაერთიანებულია ყველა მასწავლებელი.

2. საგნობრივი კათედრების მუშაობა რეგულირდება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

 

თავი VII. მასწავლებლის უფლება-მოვალეობები

 

მუხლი 28. მასწავლებელი

1. მასწავლებელი სასწავლო პროცესს წარმართავს წინასწარ შემუშავებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად.

2. სკოლაში შესაძლებელია დასაქმდეს:

2.1. უფროსი მასწავლებელი; 2.2.წამყვანი მასწავლებელი;

2.3. მენტორი მასწავლებელი;

2.4. მასწავლებლობის მაძიებელი;

2.5. მოწვეული მასწავლებელი;

2.6. სპეციალური მასწავლებელი;

2.7. დამატებითი სავალდებულო საგნის მასწავლებელი;

3. მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება მასთან ინდივიდუალურად გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.

 

თავი VIII. მოსწავლის და მოსწავლის მშობელის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებები და მოვალეობები

მუხლი 29. მოსწავლის უფლება-მოვალეობები

1. მოსწავლეს უფლება აქვს:

1.1 მიიღოს განათლება საქართველოს კანონმდებლობით, სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული ფორმით;

1.2. მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება;

1.3. მიიღოს ინფორმაცია საკუთარი აკადემიური მოსწრების შესახებ;

1.4. მიიღოს ინფორმაცია ოლიმპიადების, კონფერენციების, სხვადასხვა აკადემიური თუ შემოქმედებითი კონკურსის პირობების შესახებ, მათში მონაწილეობის მიზნით;

1.5. განათლების მიღების მიზნით, ისარგებლოს სკოლის რესურსებით, სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული ფორმით;

1.6. საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლოს სკოლის სამედიცინო და კვების პუნქტების მომსახურებით;

1.7. გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა;

1.8. კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რაც წინამდებარე დებულებაში დეტალურად არ არის მითითებული და უკავშირდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის განათლებისა და სხვა შესაბამისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციას.

2. სკოლაში დასაშვებია მოსწავლეთა ნებისმიერი პუბლიკაციისა და სხვა ტიპის მასალის გავრცელება, თუ ის:

2.1.   არ   წარმოადგენს   მოსწავლეთა   ჯანმრთელობისა   და   უსაფრთხოებისათვის     პოტენციურ

საფრთხეს, არ წაახალისებს ნარკოტიკების, ალკოჰოლის, სიგარეტის მოხმარებას ან უკანონო ქმედებას;

2.2. არ შეიცავს უხამსობას, გარყვნილებასა და ცილისწამებას;

2.3. არ უშლის ხელს სკოლის საქმიანობას.

2.4. სკოლის საქმიანობისთვის მოსალოდნელი ხელის შეშლა შეიძლება მოიცავდეს ისეთი გარემოს შექმას, რომელშიც დიდი ალბათობაა, რომ ზიანი მიადგება პირს, ან მის საკუთრებას; ხელი შეეშლება გაკვეთილების ან სკოლის სხვა საქმიანობის ჩვეულებრივ მსვლელობას ან სკოლის ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას;

2.5. ასევე, მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის უწესრიგო ქცევას, გაკვეთილების მასიურ გაცდენას და სხვა.

3. მოსწავლეთა პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია, არ შეიძლება მოეთხოვოს მოსწავლეს, რომ გაამჟღავნოს ინფორმაცია თავის პირად ცხოვრებაზე, ოჯახსა და პრობლემებზე;

4. მოსწავლე ვალდებულია:

4.1. დროულად გამოცხადდეს სკოლაში, არ დააგვიანოს გაკვეთილზე შესვლა;

4.2. დაემორჩილოს სკოლის შინაგანაწესით დადგენილ ნორმებს;

4.3. მოსწავლეების, მასწავლებლების და სკოლის სხვა თანამშრომლებისადმი იჩენდეს პატივისცემას;

4.4. უფრთხილდებოდეს სასკოლო ინვენტარს, სკოლის ქონებას, ემორჩილებოდეს სასწავლო რეჟიმს, იჩენდეს პასუხისმგებლობას, იცავდეს უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესებს;

4.5. შეასრულოს მასწავლებლისა და დირექციის/ადმინისტრაციის წარმომადგენლების მოთხოვნები, თუ ისინი თავსებადია მოქმედ კანონმდებლობასთან, სკოლის შინაგანაწესთან და დებულებასთან;

4.6. აქტიურად დაეუფლოს ცოდნას;

4.7. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იცავდეს ეთიკურ ნორმებს, უფრთხილდებოდეს თავისი სკოლის რეპუტაციას;

4.8. აქტიურად მონაწილეობდეს, ასაკისა და შინაარსის გათვალისწინებით, საზოგადოებრივ საქმიანობაში;

4.9. არ შეუშალოს ხელი სასწავლო პროცესს სკოლაში, მასწავლებელს და მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის დროს.

 

მუხლი 30. მოსწავლის მშობელის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებები და მოვალეობები

1. მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს:

1.1. მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება;

1.2. მონაწილეობა მიიღოს სკოლისათვის შესაბამის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავებაში;

1.3. დადგენილი წესითა და ფარგლებში ჩართული იყოს სასკოლო ცხოვრებაში და წარმოადგენდეს საასკოლო საზოგადოების აქტიური წევრი;

1.4. სკოლის დირექციისაგან მიიღოს საჯარო ინფორმაცია სკოლის ფუნქციონირების ნებისმიერ საკითხზე. ისარგებლოს სკოლის მიერ შემუშავებული წესებით/რეგულაციებით გარანტირებული უფლებებით;

1.5. პერიოდულად მიიღოს ინფორმაცია მისი შვილის/მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ;

1.6. მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ულება აქვს, საქველმოქმედო მიზნებისათვის, დადგენილი წესით, მოიზიდოს ნებაყოფლობითი შემოწირულობანი, თავად გაიღოს შემოწირულობა, შეასრულოს სკოლაში სხვადასხვა სახის სამუშაო.

2. მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:

2.1. დაემორჩილოს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის მიერ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობისათვის დადგენილ წესებს.

2.2. დაემორჩილოს სკოლის სასწავლო რეჟიმს (უზრუნველყოს მოსწავლის დროულად გამოცხადება სკოლაში, არ გააცდენინოს უმიზეზოდ გაკვეთილები, უზრუნველყოს სკოლაში ბავშვის შესაფერისი ჩაცმულობით გამოცხადება და საჭირო სასწავლო ნივთებით აღჭურვა, შეატყობინოს სკოლის დირექციას საპატიო მიზეზით საგაკვეთილო პროცესის გაცდენის შესახებ);

2.3 საჭიროების შეთხვევაში სკოლის დირექციის (ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის) პირველივე მოთხოვნისთანავე, ასევე, დადგენილი წესით დანიშნულ მშობელთა კრებაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს, გამოცხადდეს სკოლაში;

2.4. აქტიური დახმარება გაუწიოს მასწავლებლებს სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებების მოწყობასა და- ჩატარებაში;

2.5. პასუხი აგოს მოსწავლის სწავლა-აღზრდის საკითხებზე და ითანამშრომლოს სკოლასთან;

2.6. აანაზღაუროს სკოლისათვის მოსწავლის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალი:

2.7. სკოლის დირექციასთან და მასწავლებლებთან ურთიერთობისას დაიცვას ეთიკის ნორმები.

 

თავი IX. სკოლის ქონება და ფინანსები

 

მუხლი 31. სკოლის ქონება

1. შპს „საგანმანათლებლო ცენტრ სკოლა პროექტორს“ დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული შენობა-ნაგებობა, მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, საირმის ქ.№39.

2. სკოლას საკუთარი ფინანსებით შეძენილი აქვს საგანმანათლებლო საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი, მერხები, სკამები, კომპიუტერები, ვიდეოკამერები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სკოლის წიგნადი ფონდი და სხვა შესაბამისი ინვენტარი.

 

მუხლი 32. სკოლის ფინანსები

1. სკოლის მიმდინარე ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან, თუ ეს საქმიანობა მავნე ზეგავლენას არ ახდენს მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

 

თავი X. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

 

მუხლი 33. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სკოლის, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ფორმით.

 

თავი XI. დებულებაში ცვილებებისა და დამატებების შეტანა

 

მუხლი 34. სკოლის დებულების მიღება, შეცვლა და გაუქმება

1. სკოლის დებულებას შეიმუშავებს და ბრძანებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი;

2. სკოლის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება სკოლის დირექტორის მიერ.

+995 551 157 918

39 Sairme Str, Tbilisi (Georgia)

©2019 by Школа Проектор - Тбилиси / სკოლა პროექტორი. 

bottom of page