top of page
Projector_logo.png

დიდი სიყვარულით ბავშვების, ცხოვრების და საქართველოს მიმართ

სკოლა პროექტორი

  • Facebook
1. რამდენი მოსწავლეა კლასში?

ჩვენ მიგვაჩნია, რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას თითოეულმა მოსწავლემ უნდა მიიღოს სათანადო ყურადღება და ზრუნვა მასწავლებლისაგან, ამიტომ კლასებში მოსწავლთა დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა იქნება 13 მოსწავლე.

2. რა პირობებია დასაკმაყოფილებელი სკოლაში მიღებისთვის?

მოსწავლის პირველ კლასში მიღებისათვის საჭიროა ის იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი. სამსავე საფეხურზე (დაწყებით, საბაზო, საშუალო) მოსწავლის მიღება მოხდება მოსწავლესთან  და მის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრების ფარგლებში მოსწავლე შეასრულებს ასაკის შესაბამისად შერჩეულ რამდენიმე დავალებას, რისთვისაც მას დასჭრდება საშუალოდ 30-40  წუთი.

გასაუბრების მიზანი, ასევე, იქნება, მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის  სკოლის საგანმანათლებლო პოტენციალის გააცნობა, რათა მათ საშუალება ჰქონდეთ შეაფასონ რამდენად დააკმაყოფილებს  სკოლა მათ მოთხოვნებსა და მოლოდინებს.

3. როდის იწყება და როდის მთავრდება სწავლა?  
 როგორია კლასებში სასწავლო პროცესის განრიგი?

სასწავლო წელი ითვალისწინებს ორ სემესტრს. თითოეულ საფეხურზე სწავლის დაწყებისა და დასრულების დრო განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით და აღნიშნული პერიოდი მოიცავს შესაბამისი წლის სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდს. სასწავლო წლის ფარგლებში არდადეგები და უქმე დღეები განსაზღვრულია სასკოლო სასწავლო გეგმით.  

სასწავლო კვირა ხუთდღიანი იქნება. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია 6 დღიანი სწავლებაც. თითოეულ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა იქნება 40 წუთი. გაკვეთილები დაიწყება 8:55 სთ-ზე. I-IV კლასის მოსწავლეები სკოლაში უნდა გამოცხადდნენ 08:30 საათზე, ხოლო V-XII კლასის მოსწავლეები - 08:45 საათზე. გაკვეთილის დაწყებამდე პერიოდი მოხმარდება მოსწავლეთა და ტუტორების შეხვედრას, მისალმებას, სასწავლო დღის გეგმის განხილვას, წინა დღის პრობლემატური საკითხების გავლას და ა.შ. 

გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგძლივობა იქნება 10 წუთი. გამონაკლისია პირველი და მეორე გაკვეთილებს შორის შესვენება, სადაც შესვენების ხანგრძლივობა 5 წუთია. დღის განმავლობაში მოსწავლეებს ექნებათ ორი დიდი შესვენება, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს  20-20 წუთს, ხოლო I-IV კლასის მოსწავლეთათვის მე-4 გაკვეთილი იქნება მოსწავლის თავისუფალი დრო.

4. როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები?

სკოლისთვის მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მიიღოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მოსწავლის მიღწევებისა და განვითარების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ყოველთვიურად მიიღებს სკოლისაგან უკუკავშირს მოსწავლის აკადემიური მიღწევების  და გამოწვევების შესახებ. ამასთან, მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს, მათი თხოვნის საფუძველზე, ნებისმიერ დროს შეეძლებათ შესაბამის მასწავლებელთან შეხვედრა და მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან  დაკავშირებულ საკითხებზე გასაუბრება.

სკოლაში იმოქმედებს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები. მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები შეფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით (მაღალი, საშუალოზე მაღალი, საშუალო, საშუალოზე დაბალი, დაბალი).

 

I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება იქნება  გამოიყენებული. V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება. V-XII კლასებში სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, მოსწავლე შეფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა. ყველა დამატებით სავალდებულო საგანში, ორივე სექტორზე, შეფასება განხორციელდება  სასკოლო სასწავლო გეგმით დადგენილი წესით ჩათვლის სისტემით. 

მოსწავლის შეფასების კომპონენტები და გამოცდის ტიპები დეტალურად განსაზღვრულია სასკოლო სასწავლო გეგმით.

5. ვინ არიან სკოლა პროექტორის მასწავლებლები?

სკოლის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი პედაგოგებისაგან, რომლებმაც გაიარეს   რამდენიმე   ეტაპიანი   შესარჩევი   კონკურსი.   მასწავლებლები წარმოდგენილნი არიან, როგორც საქართველოდან, აგრეთვე სხვა ქვეყნებიდან. მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე, უდიდესი  ყურადღება   ეთმობა   არამხოლოდ   მის   პროფესიულ   უნარებს,   არამედ   იმასაც,  თუ  რამდენად უყვარს თავად მას სწავლა, რამდენად შეუძლია სხვა ადამიანებზე ზრუნვა,    არის   თუ   არა   მზად   წინსვლისა   და   განვითარებისათვის. სკოლა,  განსაკუთრებულ   ყურადღებას   დაუთმობს   მასწავლებელთა     პროფესიულ განვითარებას.

6. როგორი კვებაა სკოლაში?

ვინაიდან, მოსწავლეები დღის მანძილზე უმეტეს დროს სკოლაში გაატარებენ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსწავლეთა კვების ორგანიზებას. სკოლაში ხელმისაწვდომი იქნება სამჯერადი კვება:  ხილის მსუბუქი საუზმე, სადილი და ლანჩი. 

საკვები დამზადდება მაღალკვალიფიციური კომპანიის მიერ, რომელიც უფლებამოსილია სკოლას გაუწიოს კვებითი მომსახურება.  

სკოლამ, დაბალანსებული კვების რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეადგინა სხვადსხვა მენიუ, მათ შორის, ვეგეტარიანული, ლაქტოზას და გლუტენის გარეშე. აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებული იქნა სხვადასხვა ტიპის კვებითი ალერგიის ფაქტორები.

7. იქნება თუ არა სასკოლო ტრანსპორტი?

სკოლა მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ამიტომ მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხი არ დგას დღის წესრიგში, თუმცა, შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, სკოლა ინდივიდუალურად დაეხმარება მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მოსწავლის ტრანსპორტირების უზრუნველყოფაში.

8. შესაძლებელია თუ არა სკოლის დათვალიერება?

დიახ, რა თქმა უნდა, მოგვწერეთ და მოხარულნი ვიქნებით დაგათვალიერებინოთ სკოლა თქვენთვის მოსახერხებელ დროს.

+995 551 157 918

39 Sairme Str, Tbilisi (Georgia)

©2019 by Школа Проектор - Тбилиси / სკოლა პროექტორი. 

bottom of page